იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად, ვანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია უტარდება ვანი - ზედა ვანი-გადიდის 3 კილომეტრიან გზას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, გზის დამცავი ნაგებობების, წყალგამტარი არხების, ხიდბოგირებისა და ტროტუარების მოწყობა. გზის საფარის 2 კილომეტრი მოეწყობა ასფალტობეტონით, ხოლო 1 კმ მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის საფარი. გზა დაიხაზება და მასზე განთავსდება საგზაო ნიშნები.
პროექტი გარდამავალია და გათვლილია 2 წელზე. მისი ღირებულება შეადგენს 3 524 599 ლარს. სამუშაოებს ახორციელებს შპს „Georgian Build”-ი.
ასევე, აქტიურ ფაზაშია სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს „Constraction Service“-ი და მისი ღირებულება შეადგენს 877 499 ლარს. აღნიშნული ხიდი 2 სოფელს აკავშირებს მუნიციპალიტეტის ცენტრთან.