“ქართული ოცნების” დელეგატი ზვიად შალამბერიძე მიმართვას ავრცელებს.
“ჩემო საყვარელო მეგობრებო, ზესტაფონელებო, თერჯოლელებო, ტყიბულელებო და ბაღდათელებო!
გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისა და ენთუზიაზმისთვის, რომელსაც ყველა შეხვედრისას, გულთბილი მისალმებითა და ფასეული რჩევებით მაგრძნობინებთ. თქვენი ენერგია, სიბრძნე და შემოქმედებითი იდეები მაძლევს ძალას, მუდმივად მოტივირებული და თქვენი მხარდაჭერით ძლიერი ვიყო. მინდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი აზრი და რჩევა ჩემს გონებაში წარუშლელად დარჩება და საფუძვლად დაედება ჩემს საქმიანობას.
ჩვენ ახლა მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე ვდგავართ, და ჩვენი გუნდი დაუღალავად მუშაობს, რათა თითოეულ თქვენგანს მივუდგეთ გულწრფელად და სამართლიანად. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ჩავატარეთ 200-ზე მეტი შეხვედრა, მოვისმინეთ და შევისწავლეთ ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რომელიც თქვენ გაგვიზიარეთ. შევქმენით მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა საკითხი დამუშავდა და გაიწერა პრიორიტეტების მიხედვით. ჩვენს გუნდს აქვს მკაფიო გეგმა, როგორ გაანაწილოს ბიუჯეტი ეფექტურად, რაც საშუალებას მოგვცემს, განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს.
ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ანალიტიკური და სტრატეგიული მართვის ცენტრის შექმნა ჩვენს ოლქში, სადაც ყველა საკითხი სისტემატურად და გამჭვირვალედ იქნება დამუშავებული. თითოეულ მოქალაქეს შეეძლება თვალყური ადევნოს პროექტების განხორციელების პროცესს, ნახოს მათი ღირებულება, ვადები და მიიღოს ინფორმაცია მათი პროგრესის შესახებ რეალურ დროში.
ჩვენი ერთიანი გუნდის მიზანია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, სტაბილური ეკონომიკა და პროგრესი. ეს შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობის პირობებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის უწყვეტი განვითარების აუცილებელი პირობაა. მინდა, გჯეროდეთ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება.
დიახ, ქართველ ხალხს აქვს დიდი სიბრძნე და თქვენი პრინციპული არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს ბედს. ეს არჩევანი არა მხოლოდ ჩვენი იდენტობის, არამედ ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობის დაცვის გზაა. ჩვენი გუნდი ერთგულად ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდისა და იმ ღირებულებების დაცვის გზით, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ.
ჩემო მეგობრებო, 26 ოქტომბერს ყველა მივიდეთ არჩევნებზე! ხელი ჩავკიდოთ ჩვენს ოჯახის წევრებს, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს მომავალზე. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ დაუღალავად, რათა გავამართლოთ თქვენი ნდობა და საქართველოს ნათელი მომავალი ვაჩუქოთ.
ერთად ბევრი რამ შეგვიძლია,”-ამბობს ზვიად შალამბერიძე.