ქალაქ ამბროლაურში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს-ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ წელს პროექტით გათვალისწინებული -მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობა დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო რეკრეაციული ზონა, ბულვარი და სხვადასხვა გასართობი სივრცეები. ამ დროისთვის კი აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო სექტორის მიერ კაფე-ბარების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.
"შეუფერხებლად მიმდინარეობს მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობაც
მდინარე კრიხულას სანაპიროზე, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილების, საგამოფენო სივრცეების და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
პროექტი, ასევე, ითვალისწინებს გარე განათების, გამწვანების სამუშაოების განხორციელებას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის, მაღალსიჩქარიანი უფასო ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობას, საფეხმავლო სივრცეების, სკვერის და რეკრეაციული ზონის მოწყობას.
ორი მასშტაბური პროექტის საბოლოოდ დასრულების შედეგად გაიზრდება ქალაქ ამბროლაურის, როგორც რეგიონის ცენტრის ფუნქციური როლი. "სანაპიროები" გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათი, შეიქმნება საინტერესო და მიმზიდველი ადგილები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. პროექტები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
მდინარე კრიხულას სანაპიროსა და ქალაქის სადგურის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში განხორციელდება სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებაც, რომლის ფარგლებშიც გაკონტროლდება ტერიტორიები და ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
მოგმართავთ თხოვნით გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და ერთად ვიზრუნოთ მის სისუფთავესა და სილამაზეზე,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.